რაკი საჰაერო თავდაცვის ძალების შექმნაზე ვიწყებ საუბარს, აუცილებლად მიმაჩნია ერთი განმარტება გავაკეთო. ოფიციალურ წყაროებში ვკითხულობთ: „1995 წლის 31 მაისს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური ქვედანაყოფები პირველად დადგნენ საბრძოლო პოზიციებზე და საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს. მას შემდეგ, საჰაერო თავდაცვის დღე 31 მაისს აღინიშნება.“

1
თუმცა არავინ სვამს კითხვას ეს რადიოლოკაციური სადგურები, რაკეტები და ზოგადად მთელი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი საიდან გაჩნდა საქართველოს შეიარაღებაში? ეს თარიღი შესაცვლელია, რადგან საჰაერო თავდაცვის (ძველი ტერმინოლოგიით - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის) კომპლექსის არც მიღების დაწყების თარიღთან და არც დამთავრების თარიღთან საერთო არაფერი აქვს. თუ რატომ დადგა 1993 წლის გაზაფხულზე მიღებული კომპლექსი საბრძოლო მორიგეობაზე 1995 წელს და არა 1993 წელს და რამ ან ვინ შეუშალა ხელი ჩვენს ქვეყანას ეს კომპლექსი აფხაზეთის ომში გამოგვეყენებინა ცალკე საუბრის თემაა და ქვემოთ აუცილებლად განვიხილავ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ კომპლექსს აფხაზეთის ომში გარდატეხის შეტანა შეეძლო. ბუნებრივია მკითხველს გაუჩნდება კითხვა, მაქვს თუ არა მე საკითხის ასე დაყენების მორალური ან იურიდიული უფლება. ცალსახად ვაცხადებ, დიახ, მაქვს! რადგან ხაზგასმით შემიძლია ავღნიშნო, რომ ეს კომპლექსი მთელი საქართველოს მასშტაბით, 1993 წელს მე მივიღე. თუ როგორ და რა ბრძოლა დაგვჭირდა ამ ყველაფერის მისაღებად, ქვემოთ მოგახსენებთ. 1992 წლის გვიანი შემოდგომის სუსხიანი დღე იდგა, დეკემბერი ახლოვდებოდა და ბატალიონი „იმედი“ კვლავ აფხაზეთში დასაბრუნებლად ემზადებოდა. ბადრი ბაგაური, მირონ ხორგუანი და ლევან ასლანიკაშვილი გაგრის ბრძოლებში დაიღუპნენ, სოსო მჭედლიძე და ნოდარ პაქსაძე ჭრილობებს იშუშებდნენ, ოფიცრები და ჯარისკაცები საველე ჩანთებს ალაგებდნენ და გასვლის წინ თავს იწესრიგებდნენ. იმ დილით გია ნებიერიძემ თავდაცვის სამინისტროდან გენერალ თამაზ დუმბაძის არაოფიციალური შეტყობინება ჩამომიტანა. რუსებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (საჰაერო თავდაცვის) რაკეტები და მობილური რადიოტექნიკური საშუალებები (ლოკატორები, რადიოტექნიკური კუნგები და ა. შ.) სომხეთში გაჰქონდათ. დაწყებული იყო საქართველოში განლაგებული ყოფილი სსრკ-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსის ძარცვა. ვიდრე ჯერ კიდევ ეს კოპლექსი მუშა მდგომარეობაში იყო, რამენაირად ძარცვისა და საქართველოდან გაზიდვის პროცესი უნდა შეგვეჩერებინა. ბაკურიანის სარაკეტო დივიზიონი ნაწილობრივ უკვე გაძარცვული იყო და ნელ-ნელა დანარჩენებსაც მოჰყვებოდნენ... მოკლედ გენერალი დუმბაძე მითვლიდა: თუ შევძლებდი აღნიშნულ პროცესს რამენაირად წინ უნდა აღვდგომოდი. ეს არ იყო ოფიციალური ბრძანება ან რაიმე განკარგულება, რომლის შესრულებაც სამხედრო დანაყოფის მეთაურისთვის სავალდებულოა. იმ შემთხვევაში თუ სპეცოპერაციების განხორციელებას ავიღებდი ჩემს თავზე, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უფროსი, გენერალი ზურაბ ნაირაშვილი წინასწარ მაცნობებდა მათი გადაადგილების დროს და მარშრუტებს. დანარჩენი, ყველაფერი ჩემზე იყო, უნდა დავხედროდით (უფრო სწორედ - თავს დავსხმოდით) და ძალის გამოყენებით ჩამოგვერთმია. ასეთ მოქმედებებში თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი ჩარევა არ შეიძლებოდა, რადგან ქართული და რუსული თავდაცვის ძალების შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოიწვევდა. ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება მთლიანად ჩემზე იყო და აქედან გამომდინარე მარცხით დამთავრებული ოპერაციის შემთხვევაში, თვითნებური მოქმედების გამო, პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი და სიმძიმე ჩემზე გადმოვიდოდა, ხოლო წარმატების შემთხვევაში, როგორც იტყვიან, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. „იმედი“ გვარდიის საბრძოლო დანაყოფი იყო, ასეთი მოქმედებები კი წესით სამხედრო პოლიციის და შესაბამისად მონათესავე სტრუქტურების საქმიანობის სფეროს განეკუთვნებოდა, მაგრამ ისინი ამ საქმეში ღიად და ოფიციალურად ვერ ჩაერეოდნენ. ალბათ რაღაც ნაწილს დავათმობინებდით, რაღაცას მაინც გაძარცვავდნენ. ასეთი სამხედრო სპეცოპერაციები არაპერსპექტიულად მივიჩნიე რამდენიმე მიზეზის გამო. 1. შესაძლოა პირველი რამდენიმე ოპერაცია წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ ფაფას არც მოწინააღმდეგე ჭამდა და მომდევნო ოპერაციებს მომზადებული დახვდებოდა, ან სულაც პროვოკაციულ გადაზიდვას მოაწყობდნენ და უაზრო და უშედეგო მსხვერპლს გამოიწვევდა; 2. რაკეტების და ქონების გარკვეულ ნაწილს ალბათ დავათმობინებდით, მაგრამ ამ რაკეტებს, გამშვები დანადგარებისა და სათანადო რადიოტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე, ვერაფერში გამოვიყენებდით. 3. იმ პირობებში რა პირობებშიც ჩვენ გვიწევდა მოქმედება სამხედრო ოპერაცია სრულ წარმატებას მხოლოდ მაშინ აღწევდა, როცა ერთმა კაცმა იცოდა ოპერაციის დროც და დეტალებიც, ოპერაციის დეტალებს პირად შემადგენლობას უშუალოდ დაწყების წინ აცნობდა და ოპერაცია მოულოდნელად ხორციელდებოდა. ინფორმაცია ძალიან იოლად ჟონავდა, დროში გაწელილი სამხედრო ოპერაცია კი იშვიათი გამონაკლისის გარდა ყოველთვის მარცხით მთავრდება. ამის გამოცდილება უკვე გვქონდა, რადგან ჯერ კიდევ 1992 წლის გაზაფხულზე მოულოდნელი ალყით შაუმიანის ქიმიური ჯარების ბრიგადის სამხედრო ბაზა და სამხედრო ქალაქი დავათმობინეთ რუსებს, სათანადო ტექნიკითა და სრული აღჭურვილობით. ხოლო გორის სატანკო ნაწილში განხორციელებული ოპერაცია, საშინელი მარცხით და მსხვერპლით დამთავრდა, რადგან ძალიან ბევრმა იცოდა. მოკლედ ამგვარი მოქმედება, როგორც ზემოთ აღვნიშნე უაზრო და უშედეგო მსხვერპლს გამოიწვევდა, ამიტომ უპერსპექტივოდ მივიჩნიე. გიამ მკითხა - რას იტყვი? ხვალ დილით თამაზი შენგან პასუხს ელოდება. პასუხი დღესვე იქნება! მოკლედ ვუთხარი გიას. ბევრი აღარ მიფიქრია, ბატალიონი სრული საბრძოლო მზადყოფნით მარნეულიდან თბილისში გადავისროლე და ყოფილი საბჭოთა კავშირის, იმ დროისათვის კი რუსეთის ფედერაციის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ცენტრალურ რადიოტექნიკურ ბაზას (მართვის ცენტრი) მახათას მთაზე ალყა დავარტყი. კონტროლზე ავიყვანეთ ყველა შესასვლელი და გასასვლელი, მთელი პერიმეტრი. სამხედრო ნაწილში საბრძოლო განგაში გამოცხადდა და ერთმანეთის პირისპირ დავდექით. დაძაბული მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, მე და ჩემი მოადგილე შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში, ვიცეპოლკოვნიკი შმაგი ლიკლიკაძე, საკომანდო-გამშვებ პუნქტზე უიარაღოდ მივედით და რუს ჯარისკაცს ვუთხარი, თქვენს მეთაურს გადაეცი, რომ გვარდიის მეთაურს მასთან შეხვედრა სურს მეთქი.

2
ჯარისკაცმა მაშინვე მოახსენა და მითხრა, ცოტა ხანი მოიცადეთ, მეთაური ახლავე ჩამოვა. თხუთმეტიოდე წუთის ლოდინის შემდეგ, მეთაურის ნაცვლად ახალგაზრდა ლეიტენანტი ჩამოვიდა. როგორც ჩანს, მეთაურმა იფიქრა შეიძლება მძევლად ამიყვანონო და თავი დაიზღვია. ლეიტენანტმა მორიგე ჯარისკაცებს მიმართა, გამოატარეთ მარტო მეთაური, უიარაღოდ! შმაგის დავუბარე: თუ ნახევარ საათში არ დავბრუნდი, იერიში დაიწყეთ! საათები გავასწორეთ, იარაღზე შემამოწმეს და გამცილებელს გავყევი. მეთაურის კაბინეტში შესულს, მასთან ერთად ვიღაც გენერალი დამხვდა, როგორც წარმომიდგა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდალი იყო. მოკლედ პირდაპირ ადრესატთან მოვხვდი. საუბარიც მეთაურის ნაცვლად, წოდებით უფროსთან დავიწყე. მოვახსენე - ჩვენ სამხედრო ნაწილში შემოჭრას არ ვაპირებთ, ამიტომ შეგიძლიათ საბრძოლო განგაში გააუქმოთ. რა გინდათ? აბა რისთვის დაგვარტყით ალყა? გაკვირვებულმა მკითხა გენერალმა. ეს ყველაფერი (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი) საქართველოს სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და სათანადო საბუთების გაფორმებით უნდა გადმოგვცეთ, მიუგე მე. მე ასეთი ბრძანება ან რწმუნება არ მიმიღია, თუ თქვენ გაქვთ რაიმე დოკუმენტი ამ საკითხთან დაკავშირებით წარმომიდგინეთო. დოკუმენტი მოგვიანებით იქნება, მოკლედ მოვჭერი. რაც არ მქონდა რას წარვუდგენდი?! და იქვე განვაგრძე, ამ წუთიდან შემოწმების გარეშე გეკრძალებათ ბრიგადის ტერიტორიიდან რაიმეს გატანა ან გადაზიდვა. მე გაცემული მაქვს ბრძანება და ყველა პირის მიმართ, ვინც კონტროლს არ დაექვემდებარება ჩემი გვარდიელები ცეცხლს გახსნიან. რაიმე ექსცესები ან შეიარაღებული დაპირისპირება თავიდან, რომ ავირიდოთ, გთხოვთ პირად შემადგენლობაზე გასცეთ ბრძანება, კონტროლს დაექვემდებარონ! ახლა კი ნება მიბოძეთ დაგტოვოთ. მოითმინეთ, ახლავე ყველგან გადავრეკავ და გავარკვევთ, მითხრა გენერალმა. ეგ საკითხი შეგიძლიათ უჩემოდ გაარკვიოთ, მე მეჩქარება, რადგან თუ დროულად არ დავბრუნდი, ჩემი მოადგილე იერიშის დაწყების ბრძანებას გასცემს, უპასუხე და წამოსასვლელად მოვემზადე. ჩვენგან ასეთ „თავხედურ“ მოქმედებას მიჩვეულნი არ იყვნენ და ამ კაცის სახეზე, ერთდროულად წავიკითხე გაკვირვება, მრისხანება და ერთგვარი კეთილგანწყობაც კი ასეთი თამამი მოქმედების გამო. კარგად ბრძანდებოდეთ! გამოვემშვიდობე და წამოვედი. ორივე მათგანი საკომანდო - გამშვებ პუნქტამდე გამომყვა. გენერალი მიხვდა, რომ ეს თვითნებური მოქმედება იყო. გასვლის წინ ხელი ჩამომართვა, თვალი თვალში გამიყარა და მეუბნება: „Сынок из-за этого тебя строго накажут“. ჯერ ჩემი დროა! ღიმილით ვუპასუხე და სამხედრო ნაწილის შიგა პერიმეტრი დავტოვე. ამრიგად ჩვენს კონტროლს დაექვემდებარა სამხედრო ნაწილში შემავალი და იქიდან გამომავალი ყველა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი და პიროვნება. მეორე დღეს თავდაცვის სამინისტროში გამომიძახეს. პირადად მინისტრი მიბარებდა. თენგიზ კიტოვანს ჯერ კიდევ გვარდიის შექმნამდე ვიცნობდი (გვარდიის პირველი ასეული, ხოლო შემდეგა რამდენიმე ბატალიონი, „იმედის“ ბაზაზე შეიქმნა) და ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ამიტომ ეს გამოძახება არ გამკვირვებია. კიტოვანთან შესვლამდე დერეფანში გენერალი თამაზ დუმბაძე შემხვდა და გაკვირვებულმა მომაძახა: ეს რა ქენი კაცო! მე შემოგითვალე გზები გადაგეკეტა და ტვირთი წაგერთმია, შენ კი პირდაპირ მთავარ ბაზას დაარტყი?! აბა შარა გზის ყაჩაღი ხომ არ ვიყავი გზებზე დავხვედროდი, სადაც ყველაზე შედეგიანი იქნებოდა მეც იქ დავარტყი მეთქი ვუპასუხე. მაგის გულისთვის გუშინ ამიერკავკასიის მთელი სამხედრო ოლქი ფეხზე დადგაო, თან მსაყვედურობდა, თან ეღიმებოდა და კმაყოფილებას ვერ მალავდა. მიდი, მიდი, ყველაფერზე საქმის კურსშია, თენგიზა გელოდება, მითხრა და კიტოვანის მისაღებისკენ მიმითითა.

3
თენგიზ კიტოვანი მშვიდად დამხვდა. მაინც არ იშლი არა შენსას! ღიმილით მომმართა. გუშინ ყველა ტელეფონი ერთდროულად რეკავდა, არ ვიცოდი რომლისთვის მეპასუხა. რა პასუხი გაეცით მეთქი ვკითხე. ჯერ ვუთხარი საკითხში გავერკვევი, მერე კი, რომ გავიგე შენ იყავი ვუთხარი, რომ სიტყვიერი ბრძანება გქონდა. ეს სიტყვები ჩემთვის საკმარისი იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ თენგიზ კიტოვანისაგან უკვე მტკიცე ზურგი მქონდა და კიდევ უფრო აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა შემეძლო. მითხრა - მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ და მაქსიმალურად ფრთხილად იყავი, რაიმე პროვოკაცია არ მოგიწყონ, შენი ოფიცრებიც გააფრთხილე ყურადღებით იყვნენ. ამ დღეებში მათი წარმომადგენლები ჩემთან მიღებაზე მოვლენ მოსალაპარაკებლად, წინასწარ გაგაგებინებ და შენც დაესწარიო. კიტოვანისგან წამოსულმა, პარლამენტში შევიარე. არჩევნები ახალი დამთავრებული იყო და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ნოდარ ნათაძე იყო არჩეული. ყოველი შემთხვევისთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნოდარიც საქმის კურსში ჩავაყენე და ისევ მახათას მთას მივაშურე ჩემს მოალყე ჯარისკაცებთან. მართლაც, მომდევნო დღეს თავდაცვის სამინისტროდან შიკრიკი მოვიდა და მითხრა: ხვალ 12 საათზე მინისტრთან უნდა იყოთ მიღებაზეო. მოვწესრიგდი, გამოვეწყვე და დათქმულ დროს სამინისტროში გამოვცხადდი. მოლაპარაკებაზე მისული რუსული მხარეს წარმომადგენლები კიტოვანისგან უკვე წასულები იყვნენ. მითხრა, დილით ადრე მოვიდნენ და 12 საათამდე აღარ ვალოდინე. მიმტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი უკვე მორალურად მოძველებულია, ტექნიკაც საკმაოდ ძველია, დიდი ნაწილი გაძარცულია და ამის მიღება არ ღირს ტყუილად ქვოტებში ჩაგეთვლებათო. რუსები აბა იმას ხომ არ გვეტყვიან, მობრძანდით და საუკეთესო მიიღეთო, იტყუებიან მეთქი ვუთხარი. რუსები არ ყოფილან, იქ მოსამსახურე ქართველი ოფიცრები იყვნენ. აქედან პარლამენტში წავიდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და შენც იქ წადი. თუ პარლამენტი ამ კომპლექსის მიღებაზე უარს იტყვის, ალყა და კონტროლი უნდა მოხსნა და შენებურად არ გაჯიუტდეო. სასწრაფოდ ნოდარს დავურეკე და ვთხოვე ჩემზე საშვი დაეშვა. მითხრა საშვს ახლავე დავუშვებ და რაც შეიძლება ჩქარა მოდიო. მივხვდი, რომ ის ორი ოფიცერი უკვე იქ იყო.

4
ნოდარის კაბინეტში გავიცანი რუსეთის ფედერაციის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ოფიცრები: პოლკოვნიკი თამაზ მესაბლიშვილი და პოდპოლკოვნიკი გიორგი კვინიკაძე, რომლებიც ახლა უკვე ნოდარს უმტკიცებდნენ იგივეს. როგორც მოგვიანებით ნოდარისგან გავიგე, მას ეუბნებოდნენ: ჩვენ იქ ვმსახურობთ და კარგად ვიცით ეს რა დონის კომპლექსია და ღირს თუ არა მისი მიღება, ვიღაც თავნება მეთაურის გადასაწყვეტი ხომ არ არის საქართველო რას მიიღებს და რას არაო. ნოდარს უპასუხია, ის „თავნება“ მეთაური ცოტა ხანში აქ იქნება და ერთად გავარკვიოთ ყველაფერი. მოკლედ, დავიწყეთ საუბარი და ისევ იგივე გაიმეორეს - რაკეტები ვადაგასულია, ტექნიკა როგორც მორალურად ისე ფიზიკურად საკმაოდ მოძველებულია და მისი მიღება არ ღირს. ახლა უკვე მეც ჩავერთე საუბარში. ვკითხე დღეს ეს კომპლექსი და ეს რაკეტები საბრძოლო მორიგეობაზე ხომ დგას? კი დგასო. თუ ძველია და უვარგისი საბრძოლო მორიგეობაზე როგორ დგას? და საბჭოთა კავშირს სხვა ამაზე უკეთესი კომპლექსი გააჩნდა მანამდე? ჩვენთან სხვა კომპლექსი დგას და სხვა რესპუბლიკებში სხვა კომპლექსი? ვერ უარყვეს, არა ყველგან ერთნაირი კომპლექსი დგასო. ნოდარს გაეღიმა და მკითხა შენ რა აზრის ხარ? უნდა მივიღოთ, კომპლექსი მუშა მდგომარეობაშია, ცოტა გაბრაზებული ტონი გამოვხატე წარმომადგენლების მიმართ. ახლა სხვა, უფრო დამაჯერებელი არგუმენტები მოიყვანეს. კი მაგრამ ვინ უნდა მიიღოს? საქართველოს ამ კომპლექსის სპეციალისტები არ ჰყავს, ტექნიკური თვალსაზრისით ეს საკმაოდ რთული კომპლექსია, ვინ შეამოწმებს ან ვინ გაუწევს მოვლას და ექსპლუატაციას? მე კითხვა შეუბრუნე - კი მაგრამ, თქვენ ხომ ამ კომპლექსს ემსახურებით და შესაბამისად ამ სფეროს პროფესიონალები ხართ? კიო, დამეთანხმნენ. თქვენ მიიღეთ თქვენც ხომ ქართველები ხართ. ჩვენ ვერ მივიღებთ, ჩვენ რუსულ მხარეს წარმოვადგენთო. ნოდარს მივმართე: მაშინ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე შევქმნათ სპეციალური კომისია, მოვიწვიოთ მაღალკვალიფიციური ინჟინრები ქვეკომისიებში და მათ არ გაუჭირდებათ, ყველაფერში იოლად გაერკვევიან და მიიღებენ. ამ საუბარს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, გიზო როგავა და გურამ უსტიაშვილი ესწრებოდნენ. მათაც და ნოდარსაც ეს წინადადება მოეწონათ და რუსული მხარის ქართველ წარმომადგენლებს უთხრეს, კომიტეტი იმსჯელებს ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას გაცნობებთ. მესაბლიშვილი და კვინიკაძე წავიდნენ, მე ცოტა ხანს კიდევ დავრჩი. საქმე იმაში იყო, რომ ამ საკითხს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. პირველი - ჩვენს მფლობელობაში გადმოვიდოდა საკმაოდ სერიოზული შეიარაღება და ბაზები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსის სახით. და მეორე - ამ კოპლექსზე მომუშავე რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე დატოვებდა საქართველოს. იქმნებოდა საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანის პირველი პეცენდენტი. ნოდარმა მითხრა ვიდრე კომიტეტი გადაწყვეტილებას მიიღებს ალყა და კონტროლი გააგრძელეო.
იმავე საღამოს ნოდარი ჩემთან სახლში მოვიდა. მოვწესრიგდი და ის იყო მახათაზე წასვლას ვაპირებდი, რომ კარზე დააკაკუნა. ნოდარი ჩემთან ხშირად მოდიოდა, ხან სხვა და სხვა თემებზე სასაუბროდ, ხანაც წვეულებაზე და აქედან გამომდინარე, ჩემს მშობლებს ორივეს კარგად იცნობდა, ამიტომ ცალკე გახმობა არ უთხოვია, ჩვენ საუბარს მამაჩემიც ესწრებოდა. მითხრა მეცნიერებათა აკადემიას დაუკავშირდებით და კომიტეტი ამ თემაზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს. თუ მიღება გადავწყვიტეთ იმ კომისიის თავმჯდომარე შენ უნდა იყვეო. მე ვიუხერხულე, აკადემიკოსების თავმჯდომარე მე როგორ უნდა ვიყო, სხვა აირჩიეთ მეთქი. შენ უნდა იყო ჯერ ერთი იმიტომ, რომ მოქმედი სამხედრო ხარ, მერე მეორე ფიზიკოსი ხარ, და მესამე, ფაქტიურად ამ საქმეს უკვე შენ უძღვები, ალყაში გყავს მოქცეული და თავად რუსებსაც შენს მიმართ უკვე გარკვეული რიდი გაუჩნდათო. მამაჩემმაც ნოდარს დაუჭირა მხარი და მოკლედ უმცირესობაში აღმოვჩნდი. როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინვე უნდა მოხვიდე კომიტეტშო. ამასობაში მარნეულიდან წამოღებული მშრალი საჭმელი გაგვითავდა და იმ საღამოს უკვე ყველანი მშივრები ვიყავით. მეორე დილით ფული შევაგროვეთ, ჯიხურებში ძეხვი და პური ვიყიდეთ და ჯარისკაცებს გავუნაწილეთ. პერიმეტრის კონტროლი ვიცეპოლკოვნიკებს: შმაგი ლიკლიკაძეს, კოტე ვაშაკიძეს, გოდერძი ჩადუნელს და გია ნებიერიძეს დავავალე მორიგეობით და მე სასწრაფოდ სამინისტროში წავედი. თამაზ დუმბაძე მოვძებნე და ვუთხარი, ბიჭები მშივრები მყავს, სასწრაფოდ საკვები მოგვაწოდეთ მეთქი. უკვე ზამთარი იყო, ყინავდა, ქარი თოვლს გრიგალად ახვევდა და არ გვინდობდა. მორიგეობიდან გამოსულ ცვლას დასვენება პირდაპირ თოვლში უწევდა. ასე დიდხანს ყოფნა გაგვიჭირდებოდა და რაკი ავად თუ კარგად მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებული იყო, უფრო მეტი მოვითხოვე. ბრიგადის ზურგის სამსახურის უფროსს ვუთხარი: მოლაპარაკება უკვე დაწყებულია, ცოტა ხანში ბაზების გადმოცემის პროცესი დაიწყება, ჩემს მებრძოლებს თოვლში სძინავთ, დასვენება სჭირდებათ და იქნებ ყაზარმაში ცალკე ადგილი გამოგვიყოთ, რომ მორიგეობიდან გამოსული ცვლა დავასვენო მეთქი. არ ესიამოვნა, მაგრამ რას იზამდა, ცოტა ხანში დაბრუნდა და მითხრა: მეთაურმა ნება დამრთო ადგილის გამოყოფაზე, მხოლოდ ჩვენსა და თქვენს ჯარისკაცებს შორის რაიმე დაპირისპირება თუ მოხდა პასუხისმგებელი თქვენ იქნებითო. ჩემი ჯარისკაცების დისციპლინაზე და ქცევაზე პასუხს მე ვაგებ, თქვენ თქვენი ჯარისკაცები გააფრთხილეთ, რომ რაიმე დაპირისპირებაში არ შევიდნენ მეთქი. სხვა და სხვა ყაზარმებში გავანაწილეთ, რომ ერთმანეთთან საერთო არ ჰქონოდათ. ახლა კვების პრობლემა მქონდა და ვუთხარი სასადილოშიც ერთი ცვლა დაგვითმეთ, თქვენზე ცოტა ადრე ან თქვენს შემდეგ ვისადილებთ ვიდრე ჩვენი მხრიდან კვების პრობლემას მოვაგვარებთ მეთქი. რაღას იზამდა ესეც დავათმობინე და მათ ულუფაზე დავჯექით. ორიოდე დღის შემდეგ მორიდებით მითხრა, საკვები ჩვენც არ გვყოფნის და იქნებ თქვენთვის სურსათი შემოიტანოთ და ჩვენი მზარეულები მოგიმზადებენო. მზარეულები ჩვენც გვყავს, სურსათსაც აუცილებლად შემოვიტანთ მეთქი ვუთხარი. ამასობაში თამაზ დუმბაძეც ვნახე და მითხრა ყველაფერი მზად არის საველე სამზარეულოს გიგზავნი და ყოველ დღე ცისტერნა-თერმოსით მოგაწვდითო. ეგრე გავწვალდებით, სუპი და ბორში ყოველ დღე სად ვაჭყამპალო, სურსათი მოგვაწოდეთ და სამზარეულოში მოვამზადებთ მეთქი ვუპასუხე. როგორ, ნაწილის ტერიტორიაზე აპირებ, რომ შეუსახლდეო? გაკვირვებულმა მკითხა. უკვე შესახლებული ვარ, ყაზარმაშიც ადგილი გამოვაყოფინე და საკვებადაც იმათ ულუფას ვაჭმევ ბიჭებს, ჩემს ჯარისკაცებს ვუფრთხილდები მეთქი უთხარი. ღიმილით თავი გადააქნია და განკარგულება გასცა, საველე სამზარეულო აღარ არის საჭირო სურსათი გაუგზავნეთო. რამდენიმე დღის შემდეგ ნოდარმა დამიბარა პარლამენტში. ცალკე გამიხმო, ხელში ორი ფურცელი ეჭირა და მითხრა ეს ჩვენი კომიტეტის დადგენილებაა ორ ენაზე რუსულად და ქართულად შედგენილიო. თავად წამიკითხა დადგენილება, სადაც ეწერა, რომ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნდა ჩვენთვის განკუთვნილი ქვოტების ფარგლებში ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსის მიღება. გამიხარდა, ვუთხარი კომისია როდის მოვა, რომ მუშაობაში ხელი შევუწყო? მითხრა კომისია ვერ შეიქმნა, მეცნიერებათა აკადემიამ უარი თქვა ამ კომისიაში მუშაობაზე, იმ მოტივით, რომ ჩვენ ამ კომპლექსს არ ვიცნობთ, მისი მუშაობის პრინციპები არ ვიცით და ბრმად ასეთ რთულ კომპლექსს ვერ მივიღებთო. აბა როგორ უნდა მივიღოთ მეთქი, გაკვირვებულმა ვიკითხე. სწორედ მაგისათვის დაგიბარეო და წამიკითხა დადგენილების მეორე პუნქტი, სადაც ეწერა, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მე მავალებდა აღნიშნული კომპლექსის მიღებას. ვიგრძენი, რომ საკმაოდ მძიმე ტვირთი დამაწვა მხრებზე. ვკითხე, მაგ დადგენილებას სამინისტროში მატანთ? მიპასუხა: არა, ჩვენ გადავაგზავნით. ამ დადგენილებას დღესვე მიიღებს რუსეთის ფედერაციის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიც და ჩვენი თავდაცვის სამინისტროც. თავდაცვის სამინისტრო, რომ კომისიას შექმნის შენ ავტომატურად ამ კომისიის თავმჯდომარე იქნები. ახლა შენ იცი და შენმა ბიჭობამო. მეორე დილით სამინისტროში მივედი, თენგიზ კიტოვანს დადგენილება მაგიდაზე ედო, ორი დღის ვადაში კომისიის შექმნა დაავალა შესაბამის სამსახურს და მითხრა, ზეგ მოდი და კომისია ჩაიბარეო. ორი დღის შემდეგ, ჩემდა გასაკვირვად თენგიზ კიტოვანმაც იგივე შინაარსის ბრძანება დამახვედრა. პირველი პუნქტით მიზანშეწონილად მიაჩნდა ამ კომპლექსის მიღება, ხოლო მეორე პუნქტით მე მავალებდა მის მიღებას. მკითხა, გადავაგზავნო ბრძანება ამიერკავკასიის ოლქში? ვიფიქრე კომისიის წევრები ეტყობა ცალკე ბრძანებით არის განსაზღვრული. ვკითხე კომისიის შემადგენლობაში ვინ შედიან? მანაც იგივე გამიმეორა, ამ კომისიაში მუშაობაზე ყველამ უარი თქვა, იმ მოტივით, რომ სპეციალისტები არ ვართო. და მე რომ მავალებთ, მე ხომ 300 თვითმფრინავი მაქვს ჩამოგდებული და რომ მივიღებ ათვლას 301-დან დავიწყებ, მაგათ ნანახი მაინც აქვთ, მე თვალით არ მინახავს მეთქი ვუთხარი. გულიანად გაიცინა. ვკითხე, მეც რომ უარი ვთქვა მაშინ რა იქნება? მაგის გულისთვის პასუხს ვერც შენ ვერავინ მოგთხოვს, სპეციალისტების არ ყოლის გამო ვერ მივიღებთ და ისევ რუსებს დარჩებათ, რას იტყვი? გადავაგზავნო ბრძანება ამიერკავკასიის ოლქში? კითხვა გამიმეორა და ჩემს პასუხს დაელოდა... ჩავფიქრდი... ყველაფერი ნათელი იყო, მეც რომ უარი მეთქვა საქართველო სამუდამოდ კარგავდა ამ უნიკალურ კომპლექსს. გადააგზავნეთ ბატონო თენგიზ, ხვალ დილიდან მიღება-ჩაბარების პროცესს დავიწყებ, თავაწეულმა მოვახსენე. გადამეხვია, ჩამაწერინა ექვსი ტელეფონის ნომერი, მათ შორის ისეთები, რომლებიც მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ცნობილი. გამაფრთხილა, მარტო არ იარო, მხოლოდ ტაბელური იარაღის იმედად ნუ იქნები, ავტომატიც მუდმივად თან იქონიე და ეცადე ძირითადად შენი ბატალიონის მებრძოლებთან ერთად იყო. ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო, თუ საჭიროდ ჩათვლი, რომ პირადი კონტაქტია საჭირო შუა ღამეც რომ იყოს არ მოგერიდოს, სამინისტროში ვიქნები თუ სახლში მნიშვნელობა არ აქვს, შეგიძლია გაუფრთხილებლად მოხვიდეო. მოკლედ რუსული სპეცსამსახურების მხრიდან მოსალოდნელი შურისძიების შიშით, ამ კომისიაში მუშაობაზე ყველამ უარი თქვა, მეცნიერმაც და სამხედრომაც, ჩინიანმაც და უჩინომაც. ეს ყველაფერი მარტოს უნდა მიმეღო და თან ისე, რომ პირადადაც არ მქონდა უფლება ოფიციალურად რაიმე ქვეკომისია შემექმნა. რომ წარმოვიდგინოთ რა სიდიდის კომპლექსია, მხოლოდ რამდენიმე მსხვილ ობიექტს დავასახელებ: მართვის ცენტრი მახათას მთაზე, თავისი ბუნკერებით, მიწიქვეშა და მიწისზედა ქალაქებით, რადიოტექნიკური და ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით, ადმინისტრაციული და საცხოვრებელი კორპუსებით; მარნეულის რადიოტექნიკური ბრიგადა თითქმის იგივე მასშტაბებით; სარაკეტო დივიზიონები მთელი საქართველოს მასშტაბით; კოდის საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსი თავისი სამხედრო ქალაქით (კოდის კომპლექსის სამხედრო ქალაქის კორპუსებიში დღეს სამაჩაბლოდან დევნილები ცხოვრობენ); ორმაგი დანიშნულების ობიექტები (კოპიტნარის, ვაზიანის, მარნეულის და ა.შ. აეროდრომები) ნაწილობრივ, რადგან ავიაციასაც ეკუთვნოდა და გარკვეული პერიოდი საერთო სარგებლობაში უნდა გვქონოდა. მოკლედ ყველაფრის ჩამოთვლა შეუძლებელია და არც არის მიზანშეწონილი. მე რომ მეგონა, ბრძოლა მოვიგე და სათანადო კომისიები ყველაფერს მიიღებდნენ, ასე არ ყოფილა. სულ ყველაფერი საპირისპიროდ შემომიბრუნდა, თურმე ნამდვილი ბრძოლა და ფარული ჭიდილი ახლა იწყებოდა...